2010-11 წლების საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება საფეხბურთო კლუბ გაგრასთვის ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ.
ჩვენი გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობისას გახდა ქვეყნის თასის მფლობელი და ამავე დროს, პირველი ლიგაც მოიგო და გაჩემპიონდა. ასეთი წარმატებული სეზონი ჩვენს გუნდს დღიდან მისი დაარსებისა არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ წლის აღმოჩენად ჟურნალისტებმა სწორედ ჩვენი გუნდი დაასახელეს.
რაც მთავარია, გუნდის წარმატება არავის მიუჩნევია შემთხვევითობად. გუნდმა ლამაზ, შემტევ სტილში დაამარცხა ფოთის კოლხეთი, თბილისის დინამო, ნახევარფინალში ვიტ ჯორჯია და ფინალში ქუთაისის ტორპედო.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იყო და ქვეყნის თასის მოგებამ უეფას ევროპის ლიგაზე თამაშის საშუალება მოგვცა, მოდით გასულ პერიპეტიებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.
პირველი ნახევარფინალი
ეროვნული თასის ისტორიაში, შესაძლოა, მალე ახალი ფურცელი ჩაიწეროს. ოცდაექვს მაისს თასის XXI ფინალის ჩატარებით, ეს ფურცელი ისედაც იწერება, მაგრამ თუ ის მატჩი პირველი ლიგის ბინადარმა ითამაშა, ქართულ რეალობაში დღემდე არნახული ფაქტი იქნება. თუ თასის ამჟამინდელი მფლობელის, “ვიტ ჯორჯიას” პირველ ნახევარფინალურ მატჩში ნაჩვენები თამაშით ვიმსჯელებთ, გაგრელები სენსაციური წინსვლისაგან შორს არ უნდა იყვნენ.
“ვეტერინარებს”, ჩემპიონატში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოუწიათ აღნიშნული სათასო პაექრობა და იმის ფონზე, მეტოქედ დაბალი რანგის “გაგრა” რომ ჰყავდათ, ტიტულუხვი თბილისელებისაგან, მოგებას თუ არა, ასეთ შერცხვენას ნამდვილად არავინ მოელოდა. პირველი ლიგის ლიდერი არ გაგვინაწყენდება, მაგრამ მისგან 3 უპასუხო გოლის მიღებას, უმაღლესი ლიგის თუნდაც საშუალო გუნდისთვის, სხვა უფრო ლამაზი ეპითეტი თუ გემეტებათ, მისი შერჩევა თქვენთვის მოგვინდვია.
აშკარაა, უკრაინელმა სპეციალისტმა ანატოლი პისკოვეცმა, უკეთ შეძლო მისი გაწვრთნილების მატჩისთვის განწყობა, ვიდრე მისმა ქართველმა კოლეგამ. “ვიტ ჯორჯიას” არცერთ რგოლში არ გამოუვიდა თამაში, “გაგრას” კი, 18 წლის ლიდერი ჰყავდა, რომელმაც მოწინააღმდეგის მცველებსა და მეკარეს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. ნიგერიელი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. მისი მისამართით, “ქართველი სამუელ ეტოოაო”, გაიგონებდით. ასეთი შედარებისა და მის სამომავლო კარიერაზე გაკეთებული სხვა პროგნოზებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რაღაც ძნელი დასაჯერებელი ჩანს, რომ ამ ფეხბურთელმა სრულწლოვანების მიღწევისა და საპასპორტო პრობლემების მოგვარების შემდეგ, საქართველოში გააგრძელოს კარიერა.
გუნდიდან ლექსო კვახაძისა და დავით ლომაიას წასვლის შემდეგ, “ვიტელთა” ხელმძღვანელობას ცენტრალური მცველების ახალი თაობა მოესწროთ, რომლებსაც ერთად არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ. უკან საამსეზონო 30-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრაა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ “ვიტ ჯორჯიას” დაცვის შუაგულს, ასეთი ჩავარდნა არ ჰქონია. სამივე გოლი მცველთა მიუტევებელი შეცდომების შედეგი იყო.
მე-15 წუთი – გაგრელთა კიპერის მიერ ფეხით თამაშში შეტანილი ბურთი, მიწაზე დავარდნის შემდეგ, საკუთარ საჯარიმოსთან ახლოში მყოფ ვიტელთა მცველებს თავზე გადაახტა, შალვა კვანტალიანი არდალიონ მიქაბერიძესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაიხსნა – 1:0.
30-ე წუთი – ვიტელების მორიგი უშედეგო შეტევის ბოლოს, საყრდენ ნახევარმცველად მოთამაშე გიორგი გაბედავამ, საკუთარი საჯარიმოდან გრძელი გადაცემა შეასრულა მეტოქის კარის მიმართულებით. ოვონიკოკომ საჰაერო დუელი მოუგო გურამ ადამაძეს და ბურთს თავადვე დაეუფლა. ნიგერიელმა კარიდან წინ გამოსული კიპერი შენიშნა და ბურთი მისგან შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაგზავნა. მიქაბერიძე ბურთს ხელით შეწვდა, მაგრამ გუნდი მორიგი გოლისაგან მაინც ვერ იხსნა – 2:0.
78-ე წუთი – შეტევაში გართულ თბილისელებს, ოვონიკოკო კვლავ დაეკარგათ თვალთახედვიდან. ნიგერიელმა სისწრაფეში ბავშვივით დაჯაბნა ლაშა კასრაძე და მიქაბერიძესთან პირისპირ დარჩა. საფეხბურთო ლოგიკით, გაგრელ ფორვარდს კარში დარტყმა მართებდა, მაგრამ მან კიპერის ეფექტური ფინტით მოტყუება და ბურთიანად ცარიელ კარში შესვლა ამჯობინა – 3:0.
ეს – გოლები. რაც შეეხება, “ვეტერინართა” მიერ შექმნილ ყველაზე რეალურ საგოლე მომენტს, იგი გიგა ბეჭვაიას ანგარიშზეა. 66-ე წუთზე, სტუმართა კაპიტანმა, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან, ძლიერი და ზუსტი დარტყმა განახორციელა – კოკა სეფიაშვილმა ეფექტური “კამარა შეკრა” და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ბოლოს, თასის შარშანდელ გათამაშებაში მომხდარ ერთ ფაქტს გაგახსენებთ. 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “ვიტ ჯორჯია” ზესტაფონში, იქაურ გუნდთან 0:3-ზე დამარცხდა და მისი შემდეგ ეტაპზე თამაში ყველამ “გამოიტირა”. თბილისელებმა, საპასუხო შეხვედრის ძირითად დროში სრული რევანში აიღეს, დამატებითში კი ნახევარფინალში გამყვანი გოლიც გაიტანეს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელი “ზესტაფონი” და ახლანდელი “გაგრა”, სულ სხვა საფეხბურთო განზომილებებით იზომებიან, მაგრამ არც ძველი და არც ახალი “ვეტერინარების” ერთ სივრცეში დაყენება იქნება მართებული.
მატჩის შემდეგ
მერაბ კოჭლაშვილი (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “ სამივე გოლი, მეტოქეს ჩვენმა დაცვამ რომ იტყვიან, აჩუქა. ასეთ შეცდომებს ნორმალური გუნდი არ გაპატიებს. კარგ მოედანზე, “გაგრა” ჩვენმა გუნდმა, წესით, უნდა გააგდოს. ვთვლი, რომ პირველი ლიგის თუნდაც ლიდერთან ასეთი შედეგის შემდეგ, ვალდებული ვარ, გადავდგე თანამდებობიდან”.
ანატოლი პისკოვეცი (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქე ძალიან კარგად გვყავდა შესწავლილი. “ვიტ ჯორჯიას” თამაშის არაერთი ვიდეო-კასეტა გვქონდა ნანახი და მათ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ შემოუთავაზებიათ – ბურთის ჩაგდება და საჯარიმოში მაღალი ბურთის მოგების იმედად ყოფნა. ამას დაცვის ორმაგი ეშელონი დავუპირისპირეთ და შედეგი თავადაც ნახეთ – ბიჭებს მადლობა თავდადადებისთვის”.
დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალი, პირველი მატჩი
“გაგრა” – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 3:0 (2:0)
თბილისი, 19 აპრილი. “მერანი”.
“გაგრა”: სეფიაშვილი, დავით გიგაური (გაბუნია, 60), ტყეშელაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ზვიად ჩხეტიანი, შარიქაძე (ქართველიშვილი, 69), გაბედავა (მოსიაშვილი, 42), შალვა კვანტალიანი, ოვონიკოკო.
“ვიტ ჯორჯია”: არდალიონ მიქაბერიძე, ხურცილავა, კასრაძე, ადამაძე, ჭანკვეტაძე, ვასაძე (მაისაშვილი, 79), გურამ გურეშიძე, კორიფაძე, ბეჭვაია, ჯანელიძე, ჩიმაკაძე.
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (32).
გოლები: 1:0 კვანტალიანი (15), 2:0 ოვონიკოკო (30), 3:0 ოვონიკოკო (78).
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).
გაგრა ფინალშია
როგორც მოსალოდნელი იყო, “გაგრა” ქართული ფეხბურთის სათასო ისტორიაში შევიდა და იქ ახალი ჩანაწერი გააკეთა – ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარი თასის ფინალისტი პირველად გახდა. ამას, უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილებმა, თასის ბოლო მფლობელის ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხებით მიაღწიეს.
ორიოდე კვირის წინ, თბილისის “მერანზე” “ვიტ ჯორჯიას” 3:0-ზე ძლევით, გაგრელებმა “ვეტერინართა” თავკაცის პოსტიდან მერაბ კოჭლაშვილის წასვლას შეუწყვეს ხელი. თბილისელების თამაშში დიდი პროგრესი არც ახალი თავკაცის ხელში მომხდარა, მაგრამ თუ რამე შეუძლიათ თავიანთ აქტივში მიითვალონ, პირველი ლიგის ლიდერთან 2 გოლის გატანაა.
არადა, ისე დაიწყო თამაში, გაგრელთა ასე იოლ მოგებას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. “ვიტ ჯორჯია” სამბურთიანი ფორის განეიტრალების მცდელობას პირველივე წუთებიდან შეუდგა. ჯერ შუახაზელი გურამ გურეშიძე დაემუქრა სეფიაშვილის კარს შორიდან, ცოტა ხანში კი ადამაძე ჩაერთო შეტევაში და კუთხურიდან ჩაწოდებულზე თავით დარტყმულით ხარიხა შეაზანზარა. ამ ეპიზოდში სტუმართა კიპერი გამოსვლაზე შეცდა და კარი “უპატრონოდ” ჰქონდა მიტოვებული.
“გაგრამ” მდევრის პირველ შემოტევას გაუძლო და თამაში თავისთვის სასურველ ტემპში გადაიყვანა, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს იყო მომენტი, როცა ანგარიშის გახსნა “ვიტ ჯორჯიას” შეეძლო. 38-ე წუთზე, მორიგი შეცდომა დაუშვა გაგრელთა კიპერმა, რომლის ეს იაღლიში იმავწამს “გამოასწორა” შეხვედრის არბიტრმა ლაშა სილაგავამ. საქმე ის გახლავთ, რომ ბურთზე ფეხით თამაშისას, სეფიაშვილმა ვიტელთა ფორვარდ ბესიკ ჩიმაკაძეს გამოსდო სარმა და წააქცია. ეს ყველაფერი საჯარიმოში ხდებოდა და მსაჯს ლოგიკით პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ – ნულოვანი რეაქცია.
არადა, ამ ეპიზოდამდე 11 წუთით ადრე, მეტოქის საჯარიმოში წაქცეული ჩიმაკაძე სილაგავამ სიმულაციისთვის უკვე გააფრთხილა. თუ ფორვარდი ზემოთ ნახსენებ ეპიზოდშიც ტყუოდა, მსაჯს მისთვის ამჯერადაც ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა და მინდვრიდან გაეძევებინა, თუ ჩიმაკაძე ახლა მაინც იყო გულწრფელი – მაშინ 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა. მოკლედ, ვერ გეტყვით, რამდენად გატეხა სილაგავას მიერ ამ ეპიზოდის მისებურად განსჯამ “ვიტ ჯორჯია”, მაგრამ ფაქტია – თბილსელთა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.
სამაგიეროდ, არბიტრი არ შემცდარა მორიგ საკამათო ეპიზოდში, რომელსაც 42-ე წუთზე “ვეტერინართა” კარის აღება მოჰყვა. “ვიტ ჯორჯიას” ცენტრალურ მცველთა მორიგი შეცდომით, კარგად ისარგებლა შალვა კვანტალიანმა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გამოსულ ძაძამიასთან შეტაკებას არ შეუშინდა. შემტევმა ბურთისთვის ფეხის მირტყმა და ცარიელ კარში გაგზავნა მოასწრო, თავად კი მინდვრიდან გასაყვანი და ორიოდე წუთში შესაცვლელი შეიქნა – 0:1.
თბილისელთაგან ყველაზე აქტიურმა ჩიმაკაძემ, ტაიმისთვის მსაჯისგან დამატებულ პირველსავე წუთზე შეძლო გათანაბრება. მასპინძლების შეტევის მარჯვენა ფლანგიდან, “ვიტ ჯორჯიას” კაპიტნის, გიორგი ჯანელიძის შესრულებულ “სტანდარტს” თავი დაუხვედრა და ბურთი სეფიაშვილისგან შორეულ დაბალ კუთხეში შევარდა – 1:1.
ვიტელებს საერთო გამარჯვებისთვის კიდევ 4 გოლის გატანა მართებდათ, რაც ოცნებათა კატეგორიას კი წააგავდა, მაგრამ ზურაბ ბერიძის შეგირდებს ცდა არ დაუკლიათ. მეორე ტაიმის დასაწყისში, კიდევ უფრო შემტევებად ორიენტირებულმა თბილისელებმა, მანამდე “ჩრდილში მყოფ” გაგრელთა ნიგერიელ ფორვარდს ყურადღება მოაკლეს და დაისაჯნენ კიდეც. ოვონიკოკო მაღალი სასტარტო სიჩქარისა და ტექნიკაში უპირატესობის ხარჯზე ახერეხებდა “ვეტერინარი” მცველ-მეკარის დაჩაგვრას.
აფრიკელის პირველი ასეთი მცდელობა 55-ე წუთზე განხორციელდა, მაგრამ ძაძამიამ დროულად შეძლო დარტყმულს გადაფარებოდა – მოგერიებულ ბურთს კი, მიკოლა ნაკონეჩნიმ დაამატა და ცარიელ კარში მიმავალი ღანიაშვილმა მოიგერია. ოვონიკოკომ უახლოესი შეტევისას აისრულა გოლის გატანის წადილი – კიპერთან პირისპირ დარჩენილმა, ბურთი მარჯვნივ გაიგდო, ძაძამია მოატყუა და ისეთი მახვილი კუთხიდან შეძლო ცარიელ კარში გატანა, მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები რომ ახერხებენ – 1:2.
აქედან 13 წუთში, ნიგერიელმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ
იგი ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელთაგან საუკეთესო ლეგიონერია. მისთვის, პირისპირ მყოფი ერთი მცველისა და მასზე მოყოლილი მეკარის “მშრალზე დატოვება” ჩვეულებრივი ამბავია – ასე მოიქცა 18 წლის ოვონიკოკო ამჯერადაც და ორ ნახევარფინალურ მატჩში, თასის აწ უკვე ყოფილი მფლობელისთვის გატანილი 4 გოლით აქტივში, მადლიერმა პისკოვეცმა მაყურებელთა ოვაციის ფონზე შეცვალა.
უგოლოდ არც მისი შემცვლელი გასულა მინდვრიდან, თუმცა მანამდე დუბლის შესრულება ბესიკ ჩიმაკაძემაც შეძლო. მან გაბრიჭიძის ზუსტი პასი მკერდით მიიღო, დასარტყმელად გაისწორა და მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ახლოში საგოლედ დაარტყა – 2:3.
მატჩი ასეც მთავრდებოდა, მაგრამ თბილისელთა კიპერსა და მცველს შორის მორიგი გაუგებრობა მოხდა, რაც დავით მაისაშვილის სერიოზული ტრავმით დასრულდა (ფეხბურთელი, მძიმე ფორმებში ტვინის შერყევით, ნამატჩევს სასწრაფო დახმარების მანქანამ შესაბამის კლინიკაში გადაიყვანა). ამ ეპიზოდიდან, ოვონიკოკოს შემცვლელი დავით ციცხვაია გოლს და თანაგუნდელთა გარემოცვაში დიდხანს დარჩენას გამორჩა.
ლაშა სილაგავას საფინალო სასტვენს, გაგრელთა სავსებით ბუნებრივი ემოციები მოჰყვა – მათ უკრაინელი დამრიგებელი ტრადიციულად აბურთავეს, გასახდელში კი, სადღესასწაულ ტორტთან ერთად, შამპანურიც გვარიანად მიმოაქციეს.
კარგად დაიმახსოვრეთ – მშობლიურ ქვეყანაში დევნილობაში მყოფმა ს/კ “გაგრამ”, ქართული ფეხბურთის ისტორიაში აქამდე დაუწერელი ფურცელი ჩაწერა: 2011 წლის ოთხ მაისს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარი თასის ფინალისტი გახდა. ვინ იცის, იქნებ ოცდაექვს მაისს, გაგრელები მატიანეში კიდევ ერთი ახალი ფურცლის ჩამატებას ახერხებენ.
მატჩის შემდეგ
ანატოლი პისკოვეცი (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): – პირველ რიგში, სასიამოვნოა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწერეთ – პირველი ლიგის გუნდი პირველად გავიდა თასის ფინალში. თასი ერთხელ უკვე მოპოვებული მაქვს, როცა 1997 წელს კიევის ”ოლინას” ქალთა გუნდს ვწვრთნიდი.
- თუ არ ვცდები, ფინალი წაგებულიც გაქვთ.
- ეს იყო 2004 წელს. მაშინ კრივოი როგის “კრივბასის” ვაჟთა გუნდს ვავარჯიშებდი და ფინალში კიევის “დინამოსთან” 0:1 წავაგეთ.
- ფინალში რომელ გუნდს ისურვებდით მეტოქედ – “ზესტაფონს” თუ “ტორპედოს”?
- იცით, მეტოქეების ამორჩევა არ მჩვევია. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ შეგვხვდება – ორივესთვის სათანადოდ მომზადება იქნება საჭირო, რათა თავის გამოჩენის ეს შანსი ღირსეულად გამოვიყენოთ. თუმცა, ორივე გუნდს აქვს უარყოფითი მხარეები, რომელთა გამოყენებას უნდა შევეცადოთ.
- ამ ბოლო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლის დამარცხება უფრო იოლი იქნება?
- დავსხდებით, განვიხილავთ და იქ გამოჩნდება. მიმაჩნია, რომ “ზესტაფონი” კლასით სჯობს მეტოქეს, “ტორპედო” კი, ოსტატობაზე მეტად ჟინის სრულ რეალიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ჩვენთვის მთავარია, 26 მაისისთვის გუნდი ისეთი მომზადებული გვყავდეს, მისი დამარცხება ვერც “ზესტაფონმა” შეძლოს და ვერც “ტორპედომ”.
ზურაბ ბერიძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “პირველ მატჩში 0:3-ზე მარცხის შემდეგ, აქცენტი შეტევაზე გავაკეთეთ, მაგრამ ორ შემთხვევაში მცველისა და მეკარის შეუთანხმებელმა მოქმედებამ საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. გასაგებია, რომ მოწინააღმდეგე შეცდომებს იყენებს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს შედეგი მთლად ლოგიკურიც არაა.
ვულოცავ “გაგრას” ფინალში გასვლას. ვთვლი, რომ ძალიან კარგი გუნდია და უმაღლეს ლიგაშიც ღირსეულად ბრუნდება. ჩვენი მხრიდან, მინდა სპორტულ საზოგადოებას დავპირდე, რომ ახალი სეზონიდან თბილისის “ვიტ ჯორჯია” ბევრად სერიოზული გუნდი იქნება”.
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის საპასუხი ნახევარფინალური მატჩი
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “გაგრა” 2:4 (1:1) – პირველი მატჩი 0:3
თბილისი, 4 მაისი. სპორტკომპლექსი “შატილი”.
“ვიტ ჯორჯია”: ძაძამია, ვასაძე (გიორგი გურეშიძე, 67), ღანიაშვილი, ადამაძე, მაისაშვილი, ჩიმაკაძე, ხურცილავა (გაბრიჭიძე, 59), ჯანელიძე, გურამ გურეშიძე, კორიფაძე, ზაქრაძე (როსტიაშვილი, 46).
“გაგრა”: სეფიაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე, შალვა კვანტალიანი (დავით გიგაური, 44), ნაკონეჩნი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, შარიქაძე, კალანდაძე, ზვიად ჩხეტიანი, ოვონიკოკო (ციცხვაია, 78), ორდინსკი (კობერიძე, 68).
გაფრთხილებები: ჩიმაკაძე (27), ძაძამია (42), გიგაური (62).
გოლები: 0:1 კვანტალიანი (42), 1:1 ჩიმაკაძე (45+1), 1:2 ოვონიკოკო (56), 1:3 ოვონიკოკო (69), 2:3 ჩიმაკაძე (80), 2:4 ციცხვაია (90+1).
მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი).
ო ქ რ ო ს ფ ი ნ ა ლ ი
არბიტრი: ლევან კვარაცხელია.





